საერთაშორისო კომპანია Store Next Georgia-ს გენერალური დირექტორი, FMCG საცალო ვაჭრობისა და კომერციული ექსპერტი ია ნადირაშვილი, „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელად, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა, ნანა გადელიამ წარადგინეს და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
პროექტის ახალმა ხელმძღვანელმა „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიას პროექტის განვითარების ხედვა გააცნო.
როგორც ია ნადირაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და სრული ინკუბაციის პროცესის გავლა. „პრაქტიკა ცოდნის გარეშე ილუზიაა - ცოდნა პრაქტიკის გარეშე - ქაოსი“ - აღინიშნა შეხვედრაზე.
პროექტის ფარგლებში იდეები დამუშავდება და გარდაიქმნება ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის საჭირო პროდუქტს, არის მოთხოვნადი და ჰყავს შესაბამისი მიზნობრივი მყიდველი.
„თუ ინვესტიციის მიღება გინდათ, უჩვენეთ, რომ შეგიძლიათ ბიზნესის აწყობა. შექმენით რაიმე მნიშვნელოვანი, რაიმე ახალი, ფულის გამო კი არა, სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“ - ეს სიტყვები ბიზნესმენსა და ინვესტორს, არტურ როკს ეკუთვნის, ია ნადირაშვილმა კი აუდიტორიას აღნიშნული მიდგომის შესახებ ესაუბრა და მისი პრაქტიკაში განხორციელების გზებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეწარმეობრივ გზასა და მიდგომებზე, ასევე მეწარმე-ანტერპრენიურის თვისებებსა და მახასიათებლებზე. „მეწარმისთვის აუცილებელია ძლიერი საზრისი და შემართება, რომელიც დაბრკოლების მიუხედავად აძლევს ძალას, გააგრძელოს მუშაობა იდეისთვის და შეინარჩუნოს მოტივაცია. ვინაიდან საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია გქონდეს ზუსტად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი.“ - აღინიშნა პრეზენტაციაზე.
ია ნადირაშვილმა ასევე ისაუბრა ტრიგერების, აზროვნების მოდელისა და წარმატებული ქართული სტარტაპების შესახებ.
ამავე დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგა წარმატებული ქართული კომპანია „გურულის“ დამფუძნებელი თეა გოგუაძე, რომელმაც კომპანიის დაარსების პერიპეტიები და მისი განვითარების გზა მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „გურული“, რომელიც მუდმივ გაფართოებაზეა ორიენტირებული, მჭადის ფქვილს, ღერღილს და ორი ტიპის გურულ სუნელს აწარმოებს, რეალიზაციას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ანხორციელებს, სამომავლოდ კი უცხოეთის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტის ფარგლებში, ბიზნეს ინკუბაციის პროცესი ოთხი ეტაპისგან შედგება: ინკუბაციის გუნდების შერჩევა; მენტორის მხარდაჭერით პროცესის წარმართვა ან პირველადი პროდუქციის დამზადება; ბიზნეს მოდელის / გეგმის ჩამოყალიბება; სადემონსტრაციო დღე / გუნდების დაჯილდოება.
ბიზნეს ინკუბატორზე ინდივიდუალური რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/m7ShbiHcrGsgqbEL8
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გადელიას, E-mail: nana_gadelia@ciu.edu.ge
პროექტში ჩართვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება