კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მარიკა კლდიაშვილი დაინიშნა.
მარიკა კლდიაშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2002 წელს კი ამავე ფაკულტეტზე მას მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2021 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
მისი სადისერტაციო ნაშრომი ხელს უწყობს ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულების, ორგანიზაციული ცვლილებების თეორიის განვითარებას.
მარიკა კლდიაშვილს აქვს 24 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის 20 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების და ბიზნესის განვითარების მიმართულებებით, ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის, ოპერაციების დირექტორის, ინოვაციების დირექტორის პოზიციებს.
მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს საბანკო სფეროში დაინერგა რიგი ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების, როგორც პირველი ინტერნეტ ბანკი, მობილური ბანკი, sms-ბანკი, უნიფიცირებული გზავნილების სისტემა, სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათები და სხვა. მისი ჩართულობით სხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და განხორციელდა ტრანსფორმაციული პროექტები. 2015 წლიდან მარიკა ატარებს ტრენინგებს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის პროექტების მართვის, მართვის მოქნილი მეთოდების და ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით.
2016 წლიდან ის ხელმძღვანელობს კერძო და სახელმწიფო ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებს და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას როგორც ქოუჩი და მენტორი. მისი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით ჩამოყალიბდა სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორების და აქსელერატორების პროგრამები, მათ შორის საქართველოში პირველი ინკუბატორის პროგრამა GITA ტექნოპარკის ბაზაზე. 2017 წლიდან მარიკა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან როგორც დარგის ექსპერტი, სტრატეგიული განვითარების და ოპერაციების მართვის კონსულტანტი.
მარიკა კლდიაშვილი ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. 2019 წლიდან საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2020 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის (FREE UNIVERSITY OF TBILISI), ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი; 2020 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი; 2022 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
მარიკა კლდიაშვილი არის სერტიფიცირებული საერთაშორისო ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი PMP (PMI.org), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი (Erickson Coaching International) და პროცესების მართვის ექსპერტი Lean Six Sigma, აიტი სერვისების მართვის პროფესიონალი (ITIL).
მარიკა კლდიაშვილი არის როგორც ქართული, ისე უცხოური სამეცნიერო სტატიების ავტორი. მიმდინარე ეტაპზე მისი კვლევები უკავშირდება ორგანიზაციულ ცვლილებებს და გარდაქმნებს მცირე და საშუალო ბიზნესში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება