1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პედიატრიული სამედიცინო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით: „გააზიარე გამოცდილება - იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“.
კონფერენცია, რომელსაც ეკატერინე ყიფიანი ხელმძღვანელობდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „ვიანის“ პედიატრიული საბჭოსა და ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახურის თანაორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციამ, ქვეყნის მასშტაბით, 200 დელეგატი გააერთიანა. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს, ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, ი. ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევები განიხილეს. პრაქტიკულ სიმპოზიუმს ესწრებოდნენ, ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 19 საინტერესო და იშვიათი კლინიკური შემთხვევა. საუბარი შეეხო ისეთი განსაკუთრებული დაავადებების დიაგნოსტიკა-მართვის გამოცდილებას, როგორებიცაა ალსტრომის სინდრომი, თავის ტვინის ინსულტი ბავშვთა ასაკში, ტრაქეის ჰემანგიომა, ნეგერის სინდრომით დაავადებულ პაციენტთან პოსტკოვიდურ პერიოდში განვითარებული გართულებების მართვა და მრავალი სხვა. თემატიკამ მოიცვა პედიატრიის თითქმის ყველა მომიჯნავე დარგი (ბავშვთა რეანიმაცია, ქირურგია, ნეფროლოგია, ნევროლოგია, ნეონატოლოგია, ზოგადი თერაპია, რევმატოლოგია).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება