CIU-ში ნოტარიუსთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ონლაინ შეხვედრა
3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნოტარიუსთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ონლაინ შეხვედრა გაიმართა სამართლის ფაკულტეტისა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით.
შეხვედრაზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, ფაკულტეტის დეკანთან ერთად შეხვედროდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, დავით ფუტკარაძეს და სასწავლო ცენტრის უფროსს, ინგა ქომეთიანს.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის საკადრო პოლიტიკაზე და ნოტარიუსთა კარიერისა და პრაქტიკა/სტაჟირების პროგრამების შესახებ.
კსუ-ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, ასევე შეხვედროდნენ კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს და მოქმედ ნოტარიუსს ბექა კვარაცხელიას, რომელმაც პროფესიით დაინტერესებულ სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროფესიაში არსებული გამოწვევებისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2015 წლიდან თანამშრომლობს ნოტარიუსთა პალატასთან და ახორციელებს სხვადასხვა სახის ერთობლივ ღონისძიებებს სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიზნით.