ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. საკვირაო წირვის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია II-მ მრევლს სიწმინდის სამშობლოში ჩამობრძანება მიულოცა.
“ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე? ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი: ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?... დღეს ქართველი ხალხი შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი მისი უდიდებულესობა ქეთევან დედოფალი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ვინც იღვაწა და ვინც იპოვა ეს წმინდა ნაწილები ქეთევანისა. ესენი არიან ჩვენი სამღვდელოება. განსაკუთრებული მადლობა მე მინდა ვუთხრა კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს... მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ინდოეთის ელჩს და წარმომადგენლებს, რომელნიც ჩამობრძანდნენ საქართველოში“ - ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები ერთი დღით დარჩება. 25 სექტემბერს, 11:00 საათზე კი ლუსკუმას ჯერ ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში, შემდეგ კი ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება