27-29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა „ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC-2016“, რომლის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ღონისძიების საზეიმო გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მიმართა, მან ყურადღება გაამახვილა კონგრესის მნიშვნელობასა და მასში კსუ-ს ჩართულობაზე.
აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე ლექტორებად და ტრენერებად მოწვეული იყვნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტები, საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელები და პროფესორები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, ლიტვიდან, ლატვიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა. მოხსენებებით გამოსვლის საშუალება მიეცათ ახალგაზრდა მეცნიერებსაც, რომელთაგან სამი საუკეთესო დაჯილდოვდა სპეციალური გრანტით.
კონგრესის სამივე დღე დატვირთული იყო პრაქტიკული კურსებით, თემატური სემინარებით, პლენარული სხდომებითა და ცოცხალი დემონსტრაციებით. როგორც მსმენელებმა, ასევე მომხსენებლებმა ერთხმად აღნიშნეს სამეცნიერო პროგრამის აქტუალობა და კონგრესის მაღალი დონე.
კონგრესს მხარი დაუჭირეს პრესტიჟულმა საერთაშორისო ოგანიზაციებმა - „დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISD), დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (IDS), პანევროპულმა კომპანიამ "ევრომელანომამ". ამასთან ITC-2016-ს, როგორც წლის მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას, მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, მან წარმატებით გაიარა როგორც ევროპის პოსტდიპლომური განათლების საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს აკრედიტაცია.
„ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC-2016“-ის დასრულების შემდეგ, ქართველ და უცხოელ მსმენელებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება