აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვევით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები „მაგთი-ჯაზ-კლუბში“ სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრას დაესწრნენ. ღონისძიებას კსუ-სთან ერთად, საქართველოს სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბრიდან აღნიშნება, მას შემდეგ რაც 1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში, სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 17 ნოემბერს ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი ტყვედ აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ეს დღე პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. 17 ნოემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, დემონსტრაციებითა და გამოსვლებით ხვდებიან. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ გახსნა. საღამოს მუსიკალურად აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი -,,ოცნება” აფორმებდა, სტუმრებისთვის ,,ქუჩის ბიჭებმა” რამდენიმე ცნობილი ჰიტიც შეასრულეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატმა მურმან კვარაცხელიამ სიგელი, მადლობის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, სტუდენტებმა პრიზები კსუ-ს სწავლული მდივნის ეკა თხილავასგანაც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კორ სტანდარტ ბანკის წარმომადგენლებისაგან კსუ-ს სტუდენტებმა განსაკუთრებული შემოთავაზება მიიღეს - ბანკი სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ცოცხალი მუსიკისთვის მოესმინა და დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება