Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    25.09.17

    კსუ-ს წარმომადგენლები კვიპროსში პროექტზე: No More Whispers: Spreading EU Goodness

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები - შორენა ქურდაძე, თამარ ნადირაშვილი და კურსდამთავრებული, მაგისტრი - ჯოვანა აბლოთია Erasmus+ -ის პროექტის - "No More Whispers: Spreading EU Goodness" ფარგლებში, კვიპროსში იმყოფებოდნენ.

    პროექტი მოიცავდა ახალგაზრდების მობილობას როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნებიდან.

    პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ტრენერებთან ერთად ევროკავშირის ფასეულობები განიხილეს და ერთმანეთს ცოდნა/გამოცდილება გაუზიარეს.

    პროექტის მონაწილეები წარმოადგენდნენ 12 ორგანიზაციას შემდეგი ქვეყნებიდან: ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია, მონტენეგრო, კვიპროსი, სერბეთი, რუმინეთი, საქართველო, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი.

    პროექტი, რომელიც 18-25 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, კვიპროსის საგანმანათლებლო ინსტიტუტის DOREA-ს ორგანიზებით ჩატარდა.


    22.07.17

    საზაფხულო სკოლა - დავუბრუნდეთ წარსულს

    2017 წლის 17-22 ივლისს პოლონეთის ქალაქ Radzyń Podlaski-ში ერასმუს პლიუსის საზაფხულო სკოლის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლიტვური ორგანიზაციის „Mokymosi Idejos” და პოლონური ორგანიზაცია Stowarzyszenie “LABEDZ”-ის თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - ,,დავუბრუნდეთ წარსულს“.

    საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის 8 სტუდენტი მონაწილეობდა. კსუ-ს სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 2 წარმომადგენელი: რექტორის ასისტენტი, მოწვეული ლექტორი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კვლევითი ცენტრის „USACA”-ს ხელმძღვანელი ნანა პარინოსი და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი ჯოვანა აბლოთია.

    პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა კულტურულ-გაცვლითი ხასიათის იყო და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. თითოეული დღე ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიებებით იყო დატვირთული. მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის კულტურა სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშებისა და ვორქშოპების მეშვეობით წარმოადგინეს. საზაფხულო სკოლის პირველი ნაციონალური საღამო საქართველოს მიეძღვნა. კსუ-ს სტუდენტებმა ნაციონალური ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და ქართული ტკბილეულის დეგუსტაციაც მოაწყვეს. ასევე, კსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიმდინარე და სამომავლო სტუდენტურ პროექტებსა და გაცვლითი პროგრამებზე პრეზენტაცია გააკეთეს.

    საზაფხულო სკოლის ფარგლებში ახალგაზრდები ქალაქ Radzyń Podlaski-სა და ქალაქ Komarowka Podlaska-ს მუნიციპალიტეტმა მიიწვიეს. შეხვედრისას კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, მუნიციპალური დიპლომატიის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

    გარდა ზემოთ აღნიშნული აქტივობებისა, პროექტის მონაწილეები ესტუმრნენ Roskosz-სა და Biała Podlaska-ს რამდენიმე მუზეუმს, სადაც მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ქალაქზე და გაეცნენ უკვე მივიწყებულ პროფესიებს. პროექტის თითოეულ მონაწილის განცხადებით საზაფხულო სკოლამ მათ დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა.


    16.12.15

    პროექტი - Start living healther

    “Start living healther” – ასე ეწოდება ERASMUS +” -ის პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ _ ”Mokimosi idejos“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (საქართველო) და ოთხი სხვა ქვეყნის: ესპანეთის, თურქეთის, მაკედონიის, ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნა. პროექტი ლიტვის ქალაქ კაუნასში 2015 წლის 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

    პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 5 სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტებმა - ლელა ვარშანიძემ, ალექსანდრა შაკაიამ, მარიამ გიგინეიშვილმა, გიორგი მექვაბიძემ და დიმა ნებიერიძემ - მიიღეს.

    აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ავტორი კსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ ლაპენიენეა.

    პროექტის სახელწოდება “Start living healther ” („დაიწყე ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესით“) პროექტის მთავარ იდეასა და ორგანიზატორების სურვილს _ ახალგაზრდა თობისათვის ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად სტიმულის მიცემას _ გამოხატავს.

    მიზნის მისაღწევად და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად წარმოჩენისათვის პრეზენტაციები, სხვადასხვა აქტივობები და ინოვაციური სწავლების მეთოდები გამოიყენებოდა. კრეატიული მიდგომა, რაც მონაწილეებისგან რამდენიმე წუთში მოთხრობის, სიმღერის ან მცირე წარმოდგენის შექმნას მოითხოვდა არაფორმალურ განათლებას უფრო მიმზიდველს, ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას კი თვალსაჩინოს ხდიდა. პროექტის მონაწილეებმა ლიტველი ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგად - „მისდევენ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს“ - სამოტივაციო რგოლი დაამზადეს. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს.

    იმისათვის, რომ ორგანიზატორებს გაერკვიათ რამდენად მიაღწიეს დასახულ მიზანს, მონაწილეების წინაშე შემდეგი გამოწვევა დააყენეს _ მიცემული დავალების მიხედვით, ახალგაზრდებს კაუნასის „sporto ir sveikatimino gimnazija“ -ს მოსწავლებიისთვის მცირე სემინარი უნდა ჩაეტარებინათ. ცოდნის გაზიარება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, მთავარი გამოწვევა მაინც ამ სემინარის საინტერესოდ და მხიარულად წარდგენა იყო. სწორედ ამიტომ, ხუთ ჯგუფად გაყოფილმა მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ energizer-ები გამოიყენეს, ჩაატარეს ექსპერიმენტი და მცირე სპექტაკლი წარადგინეს. ეს ყველაფერი კი მათ საპრეზენტაციო უნარების გაუმჯობესებაში, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის დანახვაში დაეხმარა.

    პროექტმა მოხალისეებს არა მხოლოდ ცოდნა გაუღრმავა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, არამედ საშუალება მისცა შეხვედროდნენ და გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და სამზარეულოს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც პატარა ქართული კუთხე შექმნეს, რითაც სხვა ქვეყნის მონაწილეებს ჩვენი კულტურა, ქართული სუფრის ტრადიციები წარუდგინეს და ქართული ღვინო, ჩურჩხელა, თხილი, ყველი და ხაჭაპური დააგემოვნებინეს. შექმნილმა მშვიდმა და მხიარულმა გარემომ მონაწილეებს უამრავი ახალი მეგობარი, ცოდნა და, რაც მთავარია, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შესძინა.

    ასე რომ, ერთკვირიანი ტური ლიტვის პატარა ქალაქ კაუნასში ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.


    06.10.15

    პროექტი Youth Olimpics Of Health

    სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების სტილი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. 21-ე საუკუნეში, ადამიანს ყველანაირი საშუალება აქვს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდეს სპორტით და დაივიწყოს ის მავნე ჩვევები(ნარკოტიკი, თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტი), რომელიც აფერხებს მათ, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ლიტვური ორგანიზაციის ,,mokymosi idejos’’ პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, მაისის თვეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი Erasmus+ _ის დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროექტი (youth olimpics of health) მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

    პროექტის ტრენინგები გაიმართა ჩეხეთში- ვრანოვ დამსა და პრაღაში (19.07-26.07). ოცდაერთი კონკურსანტიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გასაუბრების შემდეგ, შეარჩიეს ჩემი კანდიდატურა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ („mokymosi idejos“) მომცეს შესაძლებლობა გავმგზავრებულიყავი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ამ არაჩვეულებრივ და საინტერესო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

    ტრენინგის განმავლობაში, 42 მონაწილე (საქართველო, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლიტვა, საბერძნეთი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი) დაყოფილი ვიყავით ჯგუფებად, ვასრულებდით საინტერესო დავალებებს, გვქონდა პრეზენტაციები თემაზე: რასიზმი და ქსენოფობია სპორტში. დავდგით მოკლე თეატრალური წარმოდგენა, რომელიც მიზნად ისახავდა გვეჩვენებინა, რამდენად უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ნარკოტიკულ საშუალებებს ინდივიდსა და საზოგადოებაზე. ამავე თემაზე გადავიღეთ ვიდეოები. იყო ბევრი წამახალისებელი თამაშ-შეჯიბრება. ყოველ საღამოს გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით და დაგვეგემოვნებინა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ვახშამი.

    მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება. ვისწავლე ბევრი ახალი რამ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, შევიძინე ახალი მეგობრები, მათთან ურთიერთობითა და საუბრით გავიღრმავე უნარ-ჩვევები უცხო ენაში, გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას.

    ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და ,,mokimosi idejos’’-ს იმისთვის, რომ მომცეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა წარმომეჩინა საკუთარი თავი, საქართველო, ჩემი უნივერსიტეტი და გამგზავნი ორგანიზაცია.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ–მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი.

    სოფო ვადაჭკორია