ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    2015 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობას იღებენ ერასმუს+ მობილობის პროგრამებში, რომლის ფარგლებშიც კსუ მასპინძლობს და აგზავნის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგ უნივერსიტეტებში: პანევროპული უნივერსიტეტი (სლოვაკეთი); ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი); შაულაის სახელმწიფო კოლეჯი (ლატვია); კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი (ლიტვა), ოპოლეს უნივერსიტეტი (პოლონეთი), მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია).

     

    ოპოლეს უნივერსიტეტი (ქ. ოპოლე, პოლონეთი)

    29.05.18 - ოპოლეს უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლები კსუ-ს რექტორს შეხვდნენ

    29 მაისს, კსუ-ს რექტორი - კახაბერ კორძაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი - სვეტლანა კირაკოსიანი, პოლონეთის, ოპოლეს უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტის ვიცედეკანს, აკადემიურ და სტუდენტთა საკითხებში - ელზბიეტა შუმანსკა-ჩაპლაკსა და უცხო ენის სწავლების სპეციალისტს - ევა პიეჩურსკა-კუჩიელს შეხვდნენ.

    მხარეებმა, “Erasmus+-ის“ ფარგლებში არსებული ურთიერთობის საკითხები დეტალურად გაიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმა დასახეს. პოლონური მხარის თქმით, ოპოლეს უნივერსიტეტი, ცხრა ფაკულტეტითა და 10 000 სტუდენტითაა წარმოდგენილი.

    შეხვედრაზე, პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, ასევე სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იმ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს, სადაც გაცვლითი პროგრამებისა და მობილობის უფლებით, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ისარგებლებენ.

    შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა, კსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.


    კლაიპედას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. კლაიპედა, ლიტვა)

    28.03.18 - ლიტვის კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კსუ-ში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ლიტვის კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელი - მონიკა პასიენე (monika pociene) და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი - ინა ბერენიტე (Ina Berenyte) სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.

    ორი უნივერსიტეტი Erasmus+_ის ფარგლებში თანამშრომლობას აღმავებს, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვას გულისხმობს.

    კსუ-ს მხრიდან, სტუმრებს რექტორი - კახაბერ კორძაია, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი ფიჩხაია და ამავე საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორი - თეა ადამია, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიდან კი უფროსი - თამარ ჩახნაშვილი და წარმომადგენელი - ხატია მარშანია შეხვდნენ.

    მხარეებმა მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

    ვიზიტის ფარგლებში, ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელმა - მონიკა პასიენემ (monikapociene) 27-28 მარტს კსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამისა და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის დარგში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ორდღიანი სემინარი ჩაატარა.


    კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, თეა ადამიას ვიტიზი კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში

    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამის ასისტენტ-პროფესორი, თეა ადამია სასწავლო ვიტიზით იმყოფებოდა კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 22-27 აპრილს.

    ვიზიტის ფარგლებში კსუ-ს წარმომადგენელს საშუალება მიეცა დასწრებოდა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციას“ Biomedical and Social Sciences: Education, Research and Innovation“, სადაც საშუალება მიეცა წარედგინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის პედაგოგებთან, მოეწყო ტური ფიზიკური მედიცინისა და სილამაზის ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიებში, განიხილეს უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში.


    ალკალას უნივერსიტეტი (ქ. მადრიდი, ესპანეთი)

    23.11.17 - ალკალას უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე კსუ-ს სტენდი საუკეთესოდ დასახელდა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტი - ლევან ქურდაძე და ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრი - სიმონ წიქარიშვილი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ალკალას (ესპანეთი) უნივერსიტეტში გადიან.

    23 ნოემბერს ალკალას უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო გამოფენას უმასპინძლა. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილე 12 ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ. ლევან ქურდაძემ და სიმონ წიქარიშვილმა დამთვალიერებლებს, რომლეთა შორის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ, საქართველო და მშობლიური უნივერსიტეტი - კსუ - წარუდგინეს.

    გამოფენის მიმდინარეობისას საუკეთესო სტენდის გამოსავლენად დამთავლიერებელს საშუალება ჰქონდა ხმა მიეცა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის.

    გამოფენის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი ხმის მფლობელად კსუ-ს სტენდი დასახელდა და პირველი ადგილის ტიტულიც მოიპოვა. გამარჯვებულ სტუდენტებს ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - პეპა როდრიგესმა წამახალისებელი საჩუქრები გადასცა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს გამარჯვებას ულოცავს და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს!


    კსუ-ს სტუდენტები ალკალას უნივერსიტეტში ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით

    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სამივე საფეხურის 8 სტუდენტს საშუალება მიეცათ 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლონ ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

    გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა გასვლით და სასწავლო პროექტებში უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად.

    შეგახსენებთ, რომ ალკალას უნივერსიტეტში ერაზმუს+ ფარგლებში ეს რიგით მეორე სტუდენტური გაცვლითი პროგრამაა.


    ალკალას უნივერსიტეტის სტუდენტები კსუ-ში ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით

    2017-2018 სასწავლო წელს, ერაზმუს+ ფარგლებში ალკალას უნივერსიტეტიდან კსუ-ში ჩამოვიდა ორი სტუდენტი: როდრიგო ვიეხო (ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე) და მიგელ ბაიესტეროსი (ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა).

    გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ჩართულები იყვნენ კსუ-ს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა კულტურათაშორის გაცვლით აქტივობებში. დოქტორანტმა, როდრიგო ვიეხომ ჩაატარა ესპანური ენისა და კულტურის 4 თვიანი უფასო კურსი კსუ-ს სტუდენტებისთვის.


    10.04.18 - ალკალას უნივერსიტეტის პროფესორის მიგელ კამბასის ლექცია კსუ-ში

    ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი, მადრიდი) პროფესორმა, დოქტორმა მიგელ კამბასმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, ესპანეთში ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.

    პროფესორმა მიგელ კამბასმა ესპანეთში ტურიზმის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები მიმოიხილა და პარალელები გაავლო იმ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, რაც საქართველოსა და ესპანეთს შორის ამ მიმართულებით არსებობს. შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა, მომხსენებელმა, დამსწრე საზოგადოებას, სფეროს სტატისტიკური და ემპირიული მონაცემები გააცნო, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ კსუ-სა და ალკალას უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია აქვთ და მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც აპირებენ.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ მიგელ კამბასს, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისათის - 12 მარტს, საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ.


    11.04.18 - პროფესორ სანტიაგო რამონის საჯარო ლექცია

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობს და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორი სანტიაგო რამონი შეხვდა.

    ესპანელ პროფესორს, თეორიულ განათლებასთან ერთად, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის რამდენიმე ათწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მეწარმეობა, კვლევები და განვითარება, პროგრესი, სტრატეგიული ინსტრუმენტები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა.

    სანტიაგო რამონმა იმ ბიზნეს მოდელების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც კომპანიები ყველაზე აქტიურად და წარმატებით იყენებენ და მათ შორის - კანვას მოდელი გამოარჩია.

    შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, კსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა მეწარმეობის, ფინანსებისა და დროის მენეჯმენტის საკითხებზე, ესპანელ პროფესორს დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.


    კსუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ალკალას უნივერსიტეტში ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით

    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები ნინო ზარნაძე და კახაბერ ჯაყელი და ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ვახტანგ წივწივაძე სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ალკალას უნივერსიტეტს (ესპანეთი).

    პროგრამის ფარგლებში კსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ალკალას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, დაათვალიერეს ალკალას უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

    ვიცე-რექტორმა, ვახტანგ წივწივაძემ მონაწილეობა მიიღო ესპანეთის უნივერსიტეტების ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორების შეხვედრაში, სადაც პრეზენტაცია და მოხსენება გააკეთა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ.

    მოლაპარაკებები შედგა ორ უნივერსიეტეტს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ ორმაგი ხარისხის დიპლომების პროგრამების შემუშავების კუთხით.

    შეგახსენებთ, რომ კსუ აქტიურად თანამშრომლობს ალკალას უნივერსიტეტთან ერაზმუს+ ფარგლებში.


    შიაულაის სახელმწიფო კოლეჯი (ქ. შიაულაი, ლატვია)

    კსუ-ს აკადემიური პერსონალი შიაულაის სახელმწიფო კოლეჯში ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით

    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მანანა მარიდაშვილი სასწავლო სამუშაო ვიზიტით ესტუმრა შიაულაის სახელმწიფო კოლეჯს (ლიტვა).

    პროგრამის ფარგლებში კსუ-ს წარმომადგენელმა 2017 წლის 10-14 აპრილის ჩათვლით ჩაატარა ლექციების კურსი თემაზე „გადაწყვეტილების მიღების მენეჯმენტი“. სახელმწიფო კოლეჯის მე-3 საერთაშორისო განთლების კვირეულში გააკეთა კსუ-ს შესახებ პრეზენტაცია. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემით „ბიზნეს ურთიერთობების მრავალფეროვნება საქართველოში“.

    შეგახსენებთ, რომ კსუ აქტიურად თანამშრომლობს შიაულაის სახელმწიფო კოლეჯთან ერაზმუს+ ფარგლებში.

    იხილეთ ლექციის ვიდეოს ლინკი


    პან-ევროპული უნივერსიტეტი

    კსუ-ს სტუდენტები პან-ევროპულ უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით

    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტების სხვადასხვა პროგრამის სამაგისტრო და სადოქტორო პოგრამის საფეხურის 3 სტუდენტს საშუალება მიეცათ გაიარონ ერთი სემესტრი პან-ევროპულ უნივერსიტეტში (სლოვაკეთი).

    გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა გასვლით, სასწავლო და კვლევით პროექტებში უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პან-ევროპულ უნივერსიტეტთან ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში.