ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ყველა ასაკის სტუმარს სახალისო-სამეცნიერო აქტივობები ელოდება.
ფესტივალის გახსნის დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამთვალიერებელს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების იმიტაციას წარუდგენს, რომელშიც კსუ-ს წარმომადგენლები, დაინტერესებულ საზოგადოებას მულაჟების მაგალითზე აჩვენებენ, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, გულ-ფილტვის რეანიმაცია, სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა.
ასევე ნაჩვენები იქნება გადაუდებელი დახმარების იმიტაცია სხვადასხვა ტიპის სისხლდენების დროს (ნახვევებისა და ლახტის დადების ტექნიკა) სისხლის ჯგუფისა და სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და სხვა სამედიცინო მანიპულაციები.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ თავად იმოქმედონ ინსტრუქციების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ აქტივობებში.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ჩატარების დრო და ადგილი: 22 სექტემბერი, თსუ, პირველი კორპუსის ეზო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება