26 დეკემბერს წარმატებით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) ერთობლივი ტრენინგ-კურსი - „ღვინის ტურიზმი“.
პროექტი 24 ნოემბერს დაიწყო და 9 საკონტაქტო შეხვედრას მოიცავდა, რომელთაგან უმეტესი პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. ტრენინგის პირველ კვირას მსმენელებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლან გოცირიძემ, ასევე, ტურიზმის დარგის ექსპერტმა, გივი ყუფარაძემ და ღვინის კომპანია „შუმის“ ამპელოგრაფმა, შენგელი კიკილაშვილმა უმასპინძლეს.
მეორე საკონტაქტო კვირა ძირითადად პრაქტიკული ელემენტებით დაიტვირთა. მსმენელებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტ დალილა ცატავას. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი - „ქართული ყველის შეხამება ქართულ ღვინოსთან“ CIU-ს ბაზაზე არსებულ ღვინის მარანში. აღნიშნულ მარანში კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრ საბა ქიტიაშვილთან, რომელმაც გამართა ტრენინგი ღვინის დეგუსტაცია/სერვირების შესახებ და ასევე, მოაწყო სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია.
ტრენინგის მესამე კვირა დაეთმო ტურიზმის დარგის ექსპერტის, მაია მელაძისა და ღვინის ტურიზმის მკვლევრის, ციცი ცაცკრიალაშვილის ტრენინგს ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნისა და მარკეტინგის შესახებ.
ტრენინგ-კურსის ბოლო საკონტაქტო დღეს მოეწყო გასვლითი ტური საოჯახო მარან „ჯორჯინოში“ (ქ. მცხეთა), სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ მარანი და დაეგემოვნებინათ ღვინოები. მარნის დამფუძნებელმა, გიორგი მეშველიანმა ისაუბრა საოჯახო მარან „ჯორჯინოს“ კონცეფციასა და პოზიციონირებაზე, ასევე, ღვინის ტურიზმის ბიზნესის მართვის ძირითად ასპექტებსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.
კურსის ბოლოს მონაწილეებმა შემაჯამებელი დავალება დაწერეს, რის შედეგადაც გამოვლინდება წარმატებული კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოიპოვებს ესპანეთის მარანში პრაქტიკის გავლის 2-კვირიან შესაძლებლობას.
ყველა კურსდამთავრებულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება