24-28 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვიზიტით იმყოფებოდა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მიმართულების ლექტორი, კამოლა ბატიროვა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საუკეთესო პრაქტიკის აღმოჩენას, შემდგომ ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგვასა და ამ მიმართულებით, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, განხორციელდა შემდგომი აქტივობები:
შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და ორ უნივერსიტეტს შორის შემდგომი ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა;
შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის დეკანთან, დეკანის მოადგილესთან, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელთან და ლექტორებთან. ერთობლივი კონფერენციის და სამეცნიერო კვლევების შესახებ მოლაპარაკება, სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარება, იურიდიული კლინიკისა და იმიტირებული სასამართლოს დარბაზის დათვალიერება;
შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაცია, ლექცია თემაზე „ბიზნეს სუბიექტების ტიპები უზბეკური კანონმდებლობის მიხედვით“;
საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოკვლევა - პროფესორი დაესწრო ორი სადისერტაციო ნაშრომის დაცვას, საფრანგეთში საქართველოს ელჩის საჯარო ლექციას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ორ ინტელექტუალურ თამაშს, მოინახულა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა;
შემაჯამებელი შეხვედრა რექტორთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორთან და სამართლის ფაკულტეტის დეკანთან.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ერთი წლის წინ გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება