7 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მეორე დღეს მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ლექცია მოისმინეს.
სპიკერმა მშვიდობის ქართული პარადიგმის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა, თუ რა არის დიპლომატია და რა არის უნივერსიტეტი; რა საერთო აქვთ მათ და როგორ შეიძლება მათი გაერთიანება მშვიდობისა და განვითარებისთვის. ასევე, ისაუბრა ქართული დიპლომატიის ისტორიასა და თანამედროვეობაზე; საქართველოს ფუნქციასა და როლზე თანამედროვე სამყაროში, ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმითა და აქტიური დისკუსიით გაგრძელდა.
დღის მეორე ნახევარი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ თამარ კიკნაძეს დაეთმო, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა მისი ისტორია და თანამედროვე აქტუალური საკითხები რეგიონული თუ საერთაშორისო პოლიტიკიდან, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლაში“, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას. მათ 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები უტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას ეთმობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება