3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული დიპლომატიის კვირეული გაიხსნა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ოთხი დისტანციური ლექციისგან შედგება.
კვირეული ქართული დიპლომატიის დღეს ეძღვნება, ეს თარიღი კი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
ქართული დიპლომატიის კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ კიკნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ გახსნეს.
კვირეულის პირველ დღეს ძირითადი მოხსენებები წარადგინეს საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ანა ჯებირაშვილმა, თემაზე: „დიპლომატიური კარიერის საფეხურები და მომავალ დიპლომატთა განვითარების პერსპექტივები / დასაქმების პოტენციალი“ და ელჩმა, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, მიხეილ უკლებამ, თემაზე: „პროფესია დიპლომატი“ / დიპლომატიის სასწავლო კურსები.“
ლექციაზე ანა ჯებირაშვილმა ყურადღება გაამახვილა მომავალ დიპლომატთა დასაქმების პოტენციალზე, სტაჟირებებსა და შესაბამის კარიერულ საფეხურებზე, რომლის გავლაც მნიშვნელოვანია დიპლომატიურ საქმიანობაში, მიხეილ უკლებამ კი დიპლომატიური ინსტიტუტის სასწავლო კურსები მიმოიხილა, აუდიტორიას გააცნო წარმატებული დიპლომატისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და ისაუბრა საკუთარი დიპლომატიურ გამოცდილებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე.
აღსანიშნავია, რომ კვირეულმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ დისტანციურ ლექციას 60-მდე მსმენელი დაესწრო, რომლებსაც ძირითადი მოხსენებების შემდეგ საშუალება ჰქონდათ სპიკერებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
ქართული დიპლომატიის კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება, კვირეულის დასრულების შემდეგ კი მსმენელებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემა.