საფრანგეთის L’Institute Agro Montpellier-ის ბაზაზე მოქმედი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად პროგრამად ითვლება, აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან.
პროგრამა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინგლისურენოვანი კურსია, რომელშიც ჩართულია მევენახეობის სფეროს სტუდენტები მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ის ხორციელდება 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის კონსორციუმის ფარგლებში, სადაც გადაწყვეტილებების მიმღები ძირითად ბირთვს წარმოადგენს 7 წამყვანი უნივერსიტეტი ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის: გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი (გერმანია); უდინესა და ტურინის უნივერსიტეტები (იტალია); მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტები (ესპანეთი); ლისაბონის აგრონომიის ინსტიტუტი (პორტუგალია); L’Institute Agro Montpellier (საფრანგეთი); მევენახეობისა და ენოლოგიის სკოლა (შვეიცარია).
პროგრამის სტუდენტები პირველ სასწავლო წელს სწავლობენ საფრანგეთში, მონპელიეში, ხოლო მეორე წელს აგრძელებენ სწავლებას კონსორციუმის წევრ სხვა უნივერსიტეტებში, სადაც ასევე მუშაობენ სადიპლომო ნაშრომებზე და გადიან პრაქტიკულ სტაჟირებას მარნებსა და ვენახებში.
სამომავლოდ პროგრამაში იგეგმება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართვაც, რაც კიდევ უფრო გააფართოებს სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლის შესაძლებლობებს.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეწვია პროგრამის წარმომადგენელთა 12-კაციანი დელეგაცია - მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროფესორები და მეცნიერები მონპელიედან, ბორდოსა და დიჟონიდან, პროგრამის მენეჯერის პატრის ლალემანის ხელმძღვანელობით.
14 აპრილს შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები საფრანგეთის კვლევით ინსტიტუტებში; ფრანგი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სტუმრობა საქართველოში ერთობლივი კვლევებისთვის; ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამა, რომელიც ქართველი დოქტორანტების სტაჟირებას უზრუნველყოფს საფრანგეთში.
შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა და სურვილი ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ნაყოფიერ შედეგებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში.
დღის ბოლოს სტუმრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზა დაათვალიერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება