1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და დეკანოზი ნოე გუგუციძე, რომლებმაც ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
დოკუმენტის მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც CIU-ში ჩაირიცხებიან, 40%-იან შიდა გრანტს გამოუყოფს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს. გარდა მოსწავლეებისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ცენტრის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის განახორციელებს გადამზადების პროგრამებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აწერენ.
შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თემით - „სკოლიდან უნივერსიტეტამდე - გამოწვევები და მოლოდინები“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა თემით - „განვლილი პროექტების პროზენტაცია“ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე თემით - „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის გზაზე“.
ღონისძიების დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ - გავლისთვის მსმენელები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
შეხვედრას სასულიერო პირები, დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება