კსუ აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- სამართლის სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) - მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სამართლის მაგისტრის ხარისხი - 10 ადგილი;
- პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) - მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა - 20 ადგილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 4 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი, ოთახი 79ა.
ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურში , 21 სექტემბერს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის, ხოლო 22 სექტემბერს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის.
იხილეთ ტესტის ნიმუში: PDF ფაილი - (საიტი - https://ciu.edu.ge/news/index/kavkasiis-saerTaSoriso-universitetis-sadoqtoro-programebze-Caricxva)
მიმღებ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში , 22 სექტემბერს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე, ხოლო 23 სექტემბერს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- შესაბამისი დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტორნული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურში;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (სამართლის სადოქტორო პროგრამისთვის საჭიროა პროფესიით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება).
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს აგრეთვე აღნიშნული მასალების ასლები.
დოქტორანტურის კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).
საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები:
- კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე;
- დოქტორანტურის კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე;
- კომისიას კონკურსანტის საანკეტო მონაცემებსა და სამოტივაციო წერილს საკვლევ თემასთან დაკავშირებით წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალურობა და მნიშვნელობა;
- კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა;
- დოქტორანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
- სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 24 სექტემბერს.
სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 28 სექტემბერს.