1 მაისს სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ ღვინის ფესტივალი „Wine Ambassadors 2025“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ღონისძიებამ მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა ღვინის მოყვარულებს, ჰორეკა სექტორისა და დისტრიბუციური კომპანიების წარმომადგენლებს.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ მცირე საოჯახო მარნებისა და სხვადასხვა მეღვინეობის პროდუქცია, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ტიპის ღვინო და შეეძინათ რჩეული ნიმუშები.
ღონისძიების მონაწილე გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“. ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა CIU-ს წარმომადგენელთა მასტერკლასი. თემაზე - „ადგილწარმოშობის დასახელების სპეციფიკაციის წერისა და რეგისტრაციის პროცედურები“ - აუდიტორიის წინაშე წარდგა მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი ლაშა ბოდაველი, ხოლო თემით - „დაძველებული ღვინის დეკანტაცია“ - აუდიტორიის წინაშე წარდგა ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, მეღვინე, კომპანია Spring Fields-ის დამფუძნებელი, სომელიეს სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი საბა ქიტიაშვილი.
ღონისძიების სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძებიც დააგემოვნეს, რომლებიც სპეციალურად იყო შერწყმული წარმოდგენილ ღვინოებთან. ფესტივალის ადგილმდებარეობიდან სტუმრებს ძველი თბილისის პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება