15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მორგენთაუს კლუბის (დებატკლუბი) ეგიდით, კარლ პოპერის ფორმატის დებატების ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ჩემპიონატი გაზაფხულზე დაიწყო და მასში CIU-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ოლიმპიურის სისტემის შედეგად ფინალში ორი გუნდი გავიდა - სამართლის ფაკულტეტის გუნდი „იურისტები“ (მარიამ ხურციძე, ანა გუნჯუა, ნათია ბასარია) და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სიზიფეს მითი“ (ნინი აფციაური, გიორგი ლომუაშვილი, მაკა ბასილაძე).
ფინალური დებატები გაიმართა სარეზოლუციო თემაზე: „გიგანტური ჰესები ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გზაა“.
გუნდების გამოსვლას აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი; სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე; სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის დეპარტამეტის სპეციალისტი, ბაკურ ხუბულავა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, დებატებში გამარჯვებული იურისტების გუნდი გახდა, ხოლო საუკეთესო მოდებატედ მაკა ბასილაძე დასახელდა.
გამარჯვებულები დებატკლუბისგან წიგნებით, სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება