13 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების (MSSS) ორგანიზებით, იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა.
„ალერგია, როგორც 21-ე საუკუნის დაავადება” - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრმა, ექსპერტმა, CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, ხოლო „ანაფილაქსიური შოკი - ალერგიული რეაქციის მძიმე შედეგი" - თემით აუდიტორიის წინაშე წარდგა კავკასიის მედიცინის ცენტრის ანესთეზიისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის პრეზიდენტი, CIU-ს მოწვეული ლექტორი, ცოტნე სამადაშვილი.
საჯარო ლექციაზე სტუმრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე მიესალმა.
„ალერგია 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის კაცობრიობის ნახევარს, ალერგიის ესა თუ ის ფორმა ექნება. ესენი არიან ძალიან მზარდი დაავადებები. შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ სასუნთქი სისტემის, ასევე კვებით ალერგიებზე. ვისაუბრეთ ალერგიის ყველაზე რთულ ფორმაზე, როგორიცაა - ანაფილაქსია. სტუდენტებს გავუზიარეთ პრაქტიკული რეკომენდაციები ანაფილაქსიის მართვასა და ზოგადად, ალერგიული დაავადებების ამოცნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, ეს სტუდენტებს დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებასა და პროფესიულ წინსვლაში, რათა პაციენტებისა და მოსახლეობის მიმართ, ჩვენი დახმარება იყოს უფრო ეფექტური და ამავე დროს, უფრო ხარისხიანიც“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
„ჩემი მოხსენება ეხებოდა ალერგიას, მის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ გართულებას, ანაფილაქსიურ შოკსა და მის მენეჯმენტს. დღევანდელი ლექციით მინდოდა, ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისთვის აღნიშნული დაავადების მართვის სწორი წესები მიმეწოდებინა“, - აღნიშნა ცოტნე სამადაშვილმა.
„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც დაიწყო CIU-ს მედიცინის ფაკულტეტზე, მიზნად ისახავს, აუდიტორიის ინფორმირებას სხვადასხვა სამედიცინო მიღწევების, კვლევის შედეგების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც თავისთავად გულისხმობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ მიმოხილვას. ეს ლექციები შესაძლებლობას აძლევს დარგის ექსპერტებს, გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება უფრო ფართო აუდიტორიას, მათ შორის - სტუდენტებს, ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჯანდაცვის პროფესიონალებსა და ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, საჯარო ლექციები შეიძლება იყოს უწყვეტი განათლების ფორმა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის. მათ შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ მკურნალობის ახალ მოდელებებზე, განვითარებად ტექნოლოგიებსა და სამედიცინო გაიდლაინების განახლებებზე ან კლინიკური კვლევის შედეგებზე“, - აღნიშნა CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ.
„CIU-ს მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება (MSSS) პერმანენტულად გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ვაპირებთ, წამოვწიოთ ყველაზე აქტუალური თემები, მივყვეთ საერთაშორისო სამედიცინო კალენდარს და ყურადღება გამავახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალური იქნება შესაბამისი დროისთვის“, - აღნიშნა MSSS-ის პრეზიდენტმა, მარიამ შულაიამ.
საჯარო ლექციაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა სპიკერებისთვის კითხვები დაესვა, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია.
საჯარო შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება