კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას 2024 წლის 9, 10 და 11 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქტივობაში - „საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ“.
CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტების აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ექსპერტებს, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ინტერსექტორული თანამშრომლობით დაინტერესებულ პროფესიონალებს.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შერჩეული მომხსენებლების სტატიები გამოქვეყნდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“, რომელიც არის ორმაგად ანონიმურად რეფერირებადი, ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ და ღია წვდომაშია. ჟურნალი არის Crossref-ის წევრი, სტატიებს ენიჭება DOI და ხილვადია google scholar-ში. კონფერენციისთვის გამოიცემა „სპეციალური გამოცემა“ რომელიც სრულად მიეძღვნება ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ განხორციელებულ კვლევებს. სტატიები წარმოდგენილი იქნება ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.
კონფერენციის პლენარული მომხსენებლები არიან: მარიკა კლდიაშვილი - PhD, PMP, SFLBA, ACC, CSSYB; პროექტის ხელმძღვანელი, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი, მართვის აკადემიის ონოვაციების დირექტორი, ცვლილებების მართვის ქოუჩი; ალენ ფეიოლი - მეწარმეობის პროფესორი, IDRAC ბიზნესსკოლა (საფრანგეთი) და CREA კალიარის უნივერსიტეტი (იტალია), მოწვეული პროფესორი, ტურკუს ეკონომიკის სკოლა (ფინეთი), IFAG-ის მენეჯმენტისა და მეწარმეობის სკოლის სტრატეგიული კომიტეტის თავმჯდომარე; მარიბელ გერერო - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა, ტექნოლოგიების ტრანსფერის გლობალური ცენტრი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), აფილირებული წევრი CIRCLE - ინოვაციების კვლევის ცენტრი, ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), მეწარმეობის პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა, დეზარლოს უნივერსიტეტი (ჩილე), "გლობალური მეწარმეობის მონიტორი (GEM) ჩილეს" დირექტორი; ფერნანდო კრესენტე რომერო - პროფესორი ბიზნესის ორგანიზაციის მიმართულებით, ეკონომიკის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი, ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მეწარმეობის სკოლის დირექტორი, ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი).
ღონისძიებაზე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას პანელური მოხსენება, პოსტერით პრეზენტაცია და ვიდეო პრეზენტაცია (წინასწარი ჩანაწერი) პირდაპირი კითხვა-პასუხის სესიით კონფერენციის მიმდინარეობისას. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არაუმეტეს 7 წუთის ხანგრძლივობის.
კონფერენციის ძირითადი სექციები: მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები; სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და შემაფერხებელი გარემოებები; რადიკალური და ინკრემენტალური ინოვაციები მეწარმეობაში; ინოვაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება; მეწარმეობის მასშტაბირება და ინტერნაციონალიზაცია.
კონფერენციის პირველი დღე გაიმართება სასტუმრო ბილტმორში, თბილისში. კონფერენციის მეორე დღე გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისში. კონფერენციის მესამე დღეს ღონისძიებას უმასპინძლებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) თელავში, სადაც ასევე დაგეგმილია ექსკურსია ისტორიული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და საზეიმო ვახშამი.
კონფერენციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 2024 წლის 8 იანვრამდე, ხოლო ღონისძიების შესახებ დეტალური პროგრამა პორტალზე განთავსდება 2024 წლის იანვარში.
რეგისტრაციისა და კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პორტალის ბმული: https://iec.ciu.edu.ge/
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება