27 თებერვალს 8000 მოსავალში “ქართული ღვინის გზამკვლევი 2024-2025-ის” პრეზენტაცია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზამკვლევში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოებია მოხსენიებული.
წიგნი პირველად 2011 წელს გამოიცა, რასაც ყოველწლიური, განახლებული ვერსიები მოჰყვა. 2012 წელს “ქართული ღვინის გზამკვლევი” გამოიცა ჩინურ ენაზეც, 2020 წელს კი გერმანულად. გასული წლის გზამკვლევი კი ინგლისურენოვანი იყო. წიგნის ავტორი „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედიაა.
2024-2025 წლის ღვინის გზამკვლევის ნაკრებში, 5 ცალკეული სეგმენტი - სამი წიგნი შედის: „ქართული ღვინის გზამკვლევი“, „ქართული ღვინის ტურიზმი“ და „ქართული ღვინოების დახასიათებები“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოების ხილვა კი სამივე წიგნშია შესაძლებელი.
ცნობისთვის, მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ აწარმოებს შემდეგი სახის პროდუქციას: „ჩინური-გორული მწვანე“, „რქაწითელი“; „ხაშმის საფერავი“; „თავკვერი“; „შავკაპიტო“; და „ოკამი" (თეთრი და წითელი). პროდუქციის შეძენა კი დღეისათვის, ქსელურ ღვინის მაღაზიებსა და ბარებშია შესაძლებელი. მიუხედავად მისი არსებობის მოკლე ისტორიისა, კომპანიამ უკვე შეძლო რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება სხვადასხვა კატეგორიაში. აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიის მენეჯმენტისა და წარმოების პრაქტიკულად ყველა რგოლი დაკომპლექტებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან.
პრეზენტაციაზე მონაწილეების რანგში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიების ღვინოები და დეტალურად გაცნობოდნენ მათ შემოქმედებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება