8 აპრილს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე „ თავისუფლება“ ჩაატარა.
ლექცია დიალოგის სახით წარიმართა, მეუფემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებისკენ მოუწოდა და დისკუსიაში ჩართვა შესთავაზა.
შეხვედრის პირველი ნაწილი სწორედ მსმენელთა აქტივობით დაიწყო. მეუფეს დასმულ კითხვაზე თუ "რა არის თავისუფლება?" სურვილისამებრ საკუთარი აზრი დააფიქსირეს. შეხვედრის მეორე ნაწილში კი მეუფემ მათი მოსაზრებები განიხილა. მისი თქმით, სამყაროში არ შეიძლება არსებობდეს სრული თავისუფლება, ერთადერთი ვისაც სრული თავისუფლება აქვს, ეს არის უფალი. მან, ასევე, ყურადღება ნამდვილ და ცრუ თავისუფლებაზე გაამახვილა, მათ შორის განსხვავებაზე იმსჯელა და აღნიშნა, რომ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ თუ ათივე მცნებას დავიცავთ. „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
საჯარო ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან ერთად თბილისის 5 სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მეუფეს კანცლერის მოადგილემ თენგიზ დონაძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო მეუფემ უნივერსიტეტს რამდენიმე წიგნი უსახსოვრა. შეგახსენებთ, რომ ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სტეფანე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება