ეთიკის კოდექსი
ეთიკის კოდექსი
მუხლი 1. ეთიკის კოდექსის მოქმედების სფერო
- ეთიკის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) წარმოადგენს სამართლებრივ-დისციპლინარული წესების კრებულს, რომელიც ადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შემდეგში - „უნივერსიტეტი“) ადამიანის უფლებებით გარანტირებული ღირებულებების დაცვის სტარდარტს, განსაზღვრავს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ქცევის წესებს და დადგენილი წესების დარღვევისათვის აწესებს შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.
- კოდექსი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, საერთაშორისო გამოცდილებისა და უნივერსიტეტის დებულების საფუძველზე.
მუხლი 2. კოდექსის შესრულების სავალდებულოობა
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი სპეციალური მითითების გარეშე, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე კოდექსი და დაემორჩილონ დისციპლინურ პასუხისმგებლობებს.
- კოდექსით განსაზღვრული რეგულაციებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის და ასევე უნივერსიტეტის პერსონალისათვის.
თავი 1. ეთიკური ქცევის ზოგადი წესები
მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოება
-
- უნივერსიტეტი ზრუნავს უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი და პერსონალი დაცული იყოს ყველანაირი ფიზიკური საფრთხისგან. სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, აირიდონ ყველანაირი სახის აგრესიული ფიზიკური კონტაქტი, თუ ეს არ ხდება საკუთარი თავის დაცვის მიზნით.
- ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რაც გამოიხატება ფიზიკური ზემოქმედების სახით და მიმართულია ლექტორის, უნივერსიტეტის წარმომადგენლის, სტუდენტის ან სხვა პირის მიმართ, წარმოადგენს ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევას.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
მუხლი 4. სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვა
- უნივერსიტეტის მიზანია, საგანმანათლებლო სივრცეში გამოირიცხოს სექსუალური ურთიერთობა, სექსუალური ძალადობა და შევიწროება, მათ შორის ადევნება და თვალთვალი.
- ამ მუხლით გარანტირებული უფლების მოქმედება არ უკავშირდება მხოლოდ უნივერსიტეტის ტერიტორიას და ვრცელდება უნივერსიტეტთან შინაარსობრივად დაკავშირებულ პირების მიმართ მიუხედავად დარღვევის გამოვლენის ადგილისა.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევა ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვა
- უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ადამიანის უფლებებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა განმასხვავებელი იდენტობისა.
- არავის აქვს უფლება გამოავლინოს რაიმე სახის აგრესია ან დისკრიმინაციული დამოკიდებულება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დამახასიათებლების გამო.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
მუხლი 6. ნარკოტიკური საშუალებების, ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა
- უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ პროდუქტიულობასა და მუშაობა/სწავლის უნარს.
- უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა, გაყიდვა და მოხმარება.
- უნივერსიტეტის სახელით გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე აკრძალულია 18 წლამდე პირისათვის ალკოჰოლური სასმელის გადაცემა ან შეთავაზება. ასევე, ნებისმიერი პირისთვის აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
- ალკოჰოლი შეიძლება დაშვებული იყოს ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ სპეიციალურ შეხვედრასა ან წვეულებაზე, სადაც იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული აკრძალვები.
- უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა. შეზღუდვა არ ვრცელდება უნივერსიტეტის ეზოში ან შენობის გარეთ თამბაქოს მოწევაზე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება).
მუხლი 7. აზარტული თამაშების აკრძალვა
- აზარტული თამაშებისა და ფსონებით ვაჭრობის მოწყობა, სპეციალური ლიზენციის გარეშე, აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, სტუდენტებს არ აქვთ უფლება, რომ განახორციელონ აღნიშნული აქტივობები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მოხდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
მუხლი 8. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იარაღის ტარების წესები
- ნებისმიერი პირი, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს იარაღის ტარების უფლება ან პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო სამართალდამცავ სტრუქტურას და აქვს იარაღის ტარების უფლება, ვალდებულია, იარაღი დატოვოს უნივერსიტეტის დაცვასთან, სადაც ის შეინახება სპეციალურ და დაცულ ადგილზე.
- თუ პირს არ აქვს სახელმწიფო ნებართვა, მაშინ საქმეში ჩაერთვება სამართალდამცავი უწყებები და პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მოხდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა).
მუხლი 9. უნივერსიტეტის ინვენტარის ხელყოფა
- უნივერსიტეტი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ოთახებით, ბიბლიოთეკითა და ლაბორატორიებით. მათი შემადგენელი ნაწილები: კომპიუტერული და ციფრული ტექნიკა, წიგნები, მულაჟები, სხვადასხვა ტიპის ჭურჭელი, ავეჯი და ა.შ. წარმოადგენს უნივერსიტეტის საკუთრებას. მათი დაზიანება, არაიზნობრივად გამოყენება ან მოპარვა, გამოიწვევს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის დარღვევას.
- სტუდენტი ვალდებულია, დაიცვას ბიბლიოთეკის სარგებლობის წესით დადგენილი წიგნის გამოყენების პირობები და ვადები.
- კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ინვენტარი სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ პატიოსნად და პასუხისმგებლობის სრული გათვალისწინებით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, პირი დაჯარიმდება დაზიანებული/განადგურებული/მოპარული ნივთის ღირებულების შესაბამისად. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
მუხლი 10. პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდის აკრძალვა
- უნივერსიტეტი აღიარებს და პატივს სცემს ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ამასთან ერთად, განმარტავს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ აკადემიური წინსვლისა და განვითარებისთვის.
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია ფლაიერების დარიგება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ასევე, აკრძალულია რელიგიური და პოლიტიკური სახის გამოსვლების მოწყობა და საჯარო მოწოდებები. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა და შიდა ელექტრონული ფოსტა არ უნდა გამოიყენოს არცერთმა თანამშრომელმა და სტუდენტმა, როგორც საჯაროდ სასაუბრო პლატფორმა.
შენიშვნა 1: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მოხდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
შენიშვნა 2: დარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, შესაძლებელია მოხდეს გაფრთხილების გარეშე სტატუსის შეწყვეტა.
თავი 2. აკადემიური ქცევის წესები
მუხლი 11. აკადემიური ქცევის წესები
- სტუდენტის მიერ აკადემიური ქცევის დარღვევად ჩაითვლება:
ა) პლაგიატი;
ბ) ზეწოლის მცდელობა უნივერსიტეტის თანამშრომელზე;
გ) აკადემიური თაღლითობა;
დ) დოკუმენტაციის გაყალბება.
მუხლი 12. პლაგიატის აკრძალვა
- უნივერსიტეტის მისიაა ხელი შეუწყოს სტუდენტს აკადემიურ წინსვლასა და განვითარებაში. შესაბამისად, დაუშვებელია სხვისი მასალების გამოყენება ციტირების გარეშე და მისაკუთრება, როგორც საკუთარი.
- პლაგიატი განისაზღვრება როგორც იდეების და სიტყვების, სპეციფიკური მონაკვეთების ინკორპორირება (შეძენილი, დროებით სარგებობაში მყოფი და სხვაგვარად მოპოვებული) ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე, სხვა პირის წერილობითი აკადემიური ნაშრომის ან მისი ნაწილის საკუთრად გასაღება.
- პლაგიატის პრევენციის მიზნით უნივერსიტეტი იყენებს ავტორიზებულ პროგრამას. სტუდენტის/პერსონალის ნებისმიერი კვლევითი ნაშრომი თუ სტატია სავადებულო წესით გაივლის პლაგიატის პროგრამაში შემოწმებას.
- პლაგიატის სახეები, სიმძიმე, აღმოჩენისა და რეაგირების პროცედურები განისაზღვრება „პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესის“ შესაბამისად.
შენიშვნა 1: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება შემდეგი დისციპლინური ღონისძიებები:
- გაფრთხილება და ნაშრომის გაუქმება - მცირე მასშტაბის პლაგიატის გამოვლენაზე;
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა - განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში. ასევე მასშტაბური პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში.
შენიშვნა 2: სტუდენტი ვალდებულია სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების დროს ხელი მოაწეროს საინფორმაციო დოკუმენტს „კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის რეგულაციები აკადემიური თაღლითობისა და პლაგიატის შემთხვევაში“ (დანართი #1).
მუხლი 13. ზეწოლის მცდელობა უნივერსიტეტის თანამშრომელზე
- სტუდენტმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის ზეწოლის ან ზეწოლის მცდელობისგან, რომლებიც მიმართული შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამშრომლებზე.
- ზეწოლაში იგულისხმება:
ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კომუნიკაციის საშუალებების გარდა პირადი საკონტაქტო სივრცეების გამოყენება აკადემიური შედეგების გაუმჯობესების ან სხვა მიზნით;
ბ) ყველა იმ მასალის მოძიება, რომელიც დაეხმარება სტუდენტს გამოცდის ან დავალების ჩაბარებაში;
გ) იძულება და/ან შანტაჟი.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება.
მუხლი 14. აკადემიური თაღლითობა
- აკადემიური თაღლითობა გულისხმობს ნიშნის მოპოვებას ან მოპოვების მცდელობას არაკეთილსინდისიერი ან/და თაღლითური გზებით.
- აკადემიურ თაღლითობაში განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) გადაწერა სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან ნაწილობრივად ან სრულად;
ბ) დამკვირვებლის (ხელმძღვანელის) ნებართვის გარეშე საგამოცდო მასალის პასუხების განხილვა;
გ) დამკვირვებლის (ხელმძღვანელის) ნებართვის გარეშე საგამოცდო მასალის მოპოვება;
დ) ჩანაწერის ან ნებისმიერი სახის წინასწარ მომზადებული დამხმარე მასალის, ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის ნებადართული გამოცდის პირობით;
ე) დამკვირვებლის (ხელმძღვანელის) ნებართვის გარეშე სხვა სტუდენტთან კოლაბორაცია;
ვ) დოკუმენტების, ლაბორატორიული სამუშაოს და სასწავლო კურსთან დაკავშირებული სხვა მონაცემების გაყალბება;
ზ) სხვა სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადებული მასალის წარდგენა, თუ ეს სასწავლო კურსის რეგულაციებს ეწინააღმდეგება;
თ) შეფასების პროცედურესი შეცვლა ან სხვგვარად ჩარევა;
ი) საგამოცდო პროცესის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა.
- გამოცდის პერიოდში სტუდენტებს ეკრძალებათ საგამოცდო პროცესის ხელის შეშლა დაგვიანების, დამკვირვებლის (ხელმძღვანელის) კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის, ხმაურის ან სხვა გამოვლინებით, რაც ხელს უშლის საგამოცდო გარემოს შენარჩუნებას.
- გამოცდის მსვლელობის პერიოდში, სტუდენტი უნდა დაემორჩილოს გამოცდის დამკვირვებლის მიერ დათქმულ პროცედურებსა და წესებს. თუ სტუდენტს მიაჩნია, რომ არასამართლიანად ხდება მისი ნაშრომის გაუქმება თუ გამოცდიდან მოხსნა, ადგილზე ხმაურის გარეშე შეუძლია გაასაჩივროს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელთან და შემდეგ რექტორთან.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება შემდეგი დისციპლინური ღონისძიებები:
- ნაშრომის გაუქმება ან/და გამოცდიდან მოხსნა - აკადემიური თაღლითობის შემთხვევაში, გადაწერის, გადაწერაში დახმარების ან გადაწერისათვის აკრძალული მასალის გამოყენებისათვის;
- ნაშრომის გაუქმება, გამოცდიდან მოხსნა, გაფრთხილება - საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საგამოცდო პროცესის ხელშეშლა;
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა - განმეორებითი გაფრთხილება. ასევე, საგამოცდო პროცესის ხელშეშლა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელზე აგრესიის გამოხატვით.
მუხლი 15. დოკუმენტაციის გაყალბება
- უნივერსიტეტს აქვს მოლოდინი, რომ სტუდენტები იქნებიან კეთილსინდისიერები, არ მოიტყუებიან ადმინისტრაციის წინაშე და არ შეეცდებიან მათზე არსებული ინფორმაციის გაყალბებას ან შეცვლას.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
თავი 3. დისციპლინური წარმოება
მუხლი 16. ეთიკის კომისია
- კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების დარღვევების შესახებ განცხადებებს განიხილავს ეთიკის კომისია (გარდა პლაგიატისა, რომლის განხილვის პროცედურა დადგენილია „პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესით“), რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი სახის დისციპლინარული სასჯელი იქნება გამართლებული კონრეტულ საქმეზე.
- დისციპლინური წარმოება იწყება ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლექტორის, სტუდენტის ან უნივერსიტეტთან კავშირში მყოფი სხვა პირის განცხადების საფუძველზე. ყველას აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ანონიმურობის შენარჩუნება.
- ეთიკის კომისიის გარდა, სამართალდამცველების ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ადმინისტრაციის წარმომადგენელს ან დაცვის სამსახურის თანამშრომელს, თუ ამას მოითხოვს უკიდურესი აუცილებლობა.
- ეთიკის კომისია ვალდებულია თითოეული საქმე გამოიკვლიოს სრულყოფილად, ყველა მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ობიექტურად და სამართლიანობის სრული დაცვით.
მუხლი 17. ეთიკის კომისიის საქმიანობა
- ეთიკის კომისიაში უნდა შედიოდეს მინიმუმ 3 წევრი, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ დისციპლინური წარმოების ობიექტთან დაკავშირებული ან რაიმე ფორმით დამოკიდებული პირი. სტუდენტთან დაკავშირებულ საკითხზე, ეთიკის კომისიაში მონაწილეობს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. (01-111, 20.09.2018)
- ეთიკის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
- ეთიკის კომისიის სხდომა მოიწვევა რექტორის მიერ კონკრეტული დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში.
- ეთიკის კომისიის სახელზე შესულ განცხადებას განიხილავს რექტორი და განსაზღვრავს დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საკითხს. თუ განცხადებით აღწერილი ქმედება გამოხატავს ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ დარღვევას, ბრძანების გამოცემით ადგენს დისციპლინური წარმოებაზე უფლებამოსილ პირს და ეთიკის კომისიის სხდომის დღეს.
მუხლი 18. დისციპლინარული წარმოება
-
- რექტორის ბრძანებით განსაზღვრული დისციპლინურ წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი დარღვევასთან დაკავშირებით აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას, ამუშავებს კანონიერად მოპოვებულ ვიდეო მასალას, გამოკითხავს საქმესთან შემხებლობაში ყველა პირს, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტთან ერთად აფასებს დარღვევის მასშტაბს, სამართალმდამცავი ორგანოების ჩართვის შემთხვევაში მოიპოვებს მათგან ინფორმაციას.
- დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის გაგების უფლება აქვს წარმოებაში მონაწილე ყველა პირს.
- დისციპლინური წარმოების ფარგლებში აუცილებელია დაფიქსირდეს ეთიკის კოდექსის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირის პოზიცია. ასევე, მინიმუმ სამი დღით ადრე ხდება ინფორმირება ეთიკის კომისიის სხდომის თარიღთან დაკავშირებით.
- დისციპლინურ წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ეთიკის კომისიის სხდომამდე მინიმუმ ორი დღით ადრე წარადგენს მოკვლევის მასალებს კომისიის წევრებთან. დისციპლინურ წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ასევე ესწრება სხდომას და, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს კომისიას.
- ეთიკის კომისიის სხდომაზე წარმოებაში მონაწილე პირები უფლებამოსილნი არიან, რომ წარადგინონ საკუთარი ახსნა-განმარტებები და მოსაზრებები საქმის გარემოებების შესახებ.
- წარმოების დაწყებამდე, კომისია მიაწვდის მონაწილე პირს ნებისმიერ მასალას, რომელიც დაკავშირებულია საქმესთან, რათა მან შეძლოს მასალების დასაბუთებული უარყოფა.
მუხლი 19. გადაწყვეტილების მიღება
- ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენიდან 48 საათის განმავლობაში.
- კომისია გადაწყვეტილებაუნარიანი თუ მას ესწრება წევრთა 2/3 ნაწილი.
- გადაწყვეტილების მიღება ხდება ეთიკის კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
- კომისია გადაწყვეტილებას უგზავნის რექტორს, რომელსაც აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ბრძანების გამოცემით დაადგინოს რეკომენდირებული სანქცია, შეამსუბუქოს ან საერთოდ უარყოს.
მუხლი 20. გასაჩივრება
- სტუდენტს ან თანამშრომელს, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის არასწორ ფაქტებზე დაფუძნებული ან არ ემთხვევა უკვე არსებულ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, მაშინ, მას შეუძლია, რომ მოითხოვოს გადაწყვეტილების გასაჩივრება რექტორთან.
- გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში.
მუხლი 21. სააპელაციო საბჭო
- სააპელაციო საბჭო იქმნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და მის შემადგენლობას განსაზღვრავს რექტორი. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ იმავე საქმეზე ეთიკის კომისიაში მყოფი პირი. (01-111, 20.09.2018)
- სააპელაციო საბჭო გამოითხოვს საქმის გარშემო არსებულ ყველა მასალას და მოისმენს ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათზე დაყრდნობით. განსაკუთრებული სირთულის საქმის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განიხილება ზეპირ სხდომაზე.
- სააპელაციო საბჭო უფლებამოსილია არ მიიღოს საქმე წარმოებაში თუ განცხადებაში არ არის ჩამოყალიბებული არგუმენტები, რაც მიუთითებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების უკანონობას ან დაუსაბუთებლობას.
- სააპელაციო საბჭო საქმის მასალების სრულად და ობიექტურად შესწავლის შემდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
- სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.
მუხლი 22. დასკვნითი დებულებები
1. ეთიკის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
2. უნივერსიტეტის სტუდენტები ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე კოდექსს, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია ნებისმიერ დროს მისცეს სტუდენტებს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
3. წინამდებარე კოდექსი ძალას კარგავს ახლის დამტკიცების შემთხვევაში.
დანართი #1
კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის რეგულაციები აკადემიური თაღლითობისა და პლაგიატის შემთხვევაში
უნივერსიტეტის სტუდენტები ვალდებულნი არიან სწავლის პროცესში დაიცვან მორალური და აკადემიური პრინციპები. აკადემიური კურსებისთვის მასალის მომზადებისა და გადაცემის პროცესში ან გამოცდის ჩაბარებისას სტუდენტმა არ უნდა მიმართოს აკადემიურ თაღლითობას ან პლაგიატს, რომელიც არა მარტო არღვევს აკადემიურ სტანდარტს, არამედ კონკრეტულ საუნივერსიტეტო სანქციასაც აკისრებს მას.
აკადემიური თაღლითობა
აკადემიური თაღლითობა განისაზღვრება როგორც ნიშნის მოპოვება ან მოპოვების მცდელობა აკადემიურ ნამუშევარში არაკეთილსინდისიერი და თაღლითური გზებით. აკადემიური თაღლითობის სახეები და ფორმები განისაზღვრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.
პლაგიატი
პლაგიატი არის იდეების და სიტყვების, სპეციფიკური მონაკვეთების ინკორპორირება (შეძენილი, დროებით სარგებობაში მყოფი და სხვაგვარად მოპოვებული) ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე, სხვა პირის წერილობითი აკადემიური ნაშრომის ან მისი ნაწილის საკუთრად გასაღება. პლაგიატის სახეები და ფორმები განისაზღვრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და „პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების მექანიზმები“ დოკუმენტით.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები აკადემიურ თაღლითობის და პლაგიატის შემთხვევაში უნივერისტეტში საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში ითვალისწინებს ორ განსხვავებულ ფორმას:
ა) აკადემიურ სანქციას - ნაშრომის გაუქმება, ქულათა მოდიფიკაცია/ჩასწორება. აკადემიური სანქცია ეხება სტუდენტის შეფასებას. აკადემიური სანქციის ფორმა განისაზღვრება კონკრეტული საგნის პროფესორისა და პროგრამის ხელმძღვანელის მიერ.
ბ) დისწიპლინარულ სანქციას - გაფრთხილებას ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას. დისწიპლინური სანქცია ეხება სტუდენტის მოსწრებას და მის სტატუსს უნივერსიტეტში და მისი დაკისრება უნივერსიტეტის რექტორის პასუხიმგებლობაში შედის.
გავეცანი ზემოთ მოცემულ რეგულაციებს და ვაცნობიერებ შედეგებს მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
სახელი და გვარი: ____________________________ პ/ნ #: _______________________________
ხელმოწერა : ____________________________________ თარიღი: __