17 ნოემბერს, 1946 წლიდან, სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქ თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტებისათვის გამართულ, ტრადიციულ საზეიმო ღონისძიებას - ,,მაგთი - კლუბმა“ უმასპინძლა.
საზეიმო შეხვედრას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის, აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე, მაღალი აკადემიური მოსწრების შვიდი სტუდენტი (ილონა შონია, მარიამ გერლიანი, მანუელა კოზმავა, მონიკა არდაშელია, თამუნა ციკოლია, გიორგი ქარჩავა, ქრისტინა ტუფურია) და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები - მარინა უგულავა და დეა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელი პირები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წარმატებულმა ახალგაზრდულმა ანსამბლებმა, მომღერლებმა, ქ.თბილისის მერიის სახელოვნებო სკოლის და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სოლისტებმა.
საზეიმო შეხვედრაზე, დამსწრე აუდიტორიასა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა - მარინა უგულავამ. მან ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, სტუდენტებს კი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა. მარინა უგულავამ ახალგაზრდებს სწავლისაკენ მოუწოდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას მიერ გაჟღერებული, ისააკ ნიუტონის ცნობილი გამონათქვამის თემატიკა გააგრძელა და აღნიშნა რომ ახალგაზრდები მამებზე ,,დიდები“ სწორედ იმიტომ არიან, რომ მათ მხრებზე დგანან.
მარინა უგულავამ, კსუ-ს შვიდივე სტუდენტი უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება