„ბიზნეს ინკუბატორის“ დასკვნითი ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 19 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტის პროექტის -„ბიზნეს ინკუბატორი“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ავტორისა და მთავარი მენტორის მარიკა კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, ექვსთვიანი ბიზნეს ინკუბაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: განაცხადების წარდგენა; ბიზნეს იდეების შერჩევა და გუნდებად ჩამოყალიბება; ბიზნეს მოდელის „Canvas“ გამოყენება; სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება; Brand Book-ის ელემენტების შემუშავება; ბიზნეს იდეების პოპულარიზება სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მეშვეობით; პროდუქტის მინიმალური ვერსიის შექმნა (MVP); ფინანსური გაანგარიშება; საუკეთესო გუნდების გამოვლენა.
პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ნინო ბარათაშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა. პროექტის დასკვით ღონისძიებაზე, ფინალურ ეტაპზე გადასულმა 3 გუნდმა ბიზნეს იდეების პრეზენტაცია მოახდინა, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი გამარჯვება მოიპოვა ლიტერატურული კაფის - „ჰარმონია“ - შექმნის იდეამ, რომელზეც გუნდის წევრებმა მარიამ ღვინჯილიამ, ნიკა თურმანიძემ და დიანა ესართიამ უმუშავეს.
პროექტის გენერალური სპონსორი იყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, რომელმაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა, ასევე პროექტის საუკეთესო გუნდებს საჩუქრები გადასცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.
დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია; სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორი ლაშა ვაშაკიძე; კომპანიის “Travel Guide" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გუჯა ნარიმანაშვილი; მხატვარი, დიზაინერი, მოდის სახლის „თინათინ მაღალაშვილი“ დამფუძნებელი თინათინ მაღალაშვილი; კომპანიის "Iko" დამფუძნებელი იკო ყიასაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა სტუდენტთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება