პანევროპული კამპანიის - „ევრომელანომა 2018-ის“ ფარგლებში, რომლის მიზანს კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკა, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, 8 ივნისს კსუ-ში სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საჯარო ლექციები ჩაუტარდათ.
პირველი ლექცია - „მზე, რუჯი, ხალები, მელანომა - მითები და რეალობა“ - კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, „ევრომელანომის“ ნაციონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში - ლალი მეკოკიშვილმა ჩაატარა. მომხსენებელმა მზის გამოსხივებაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და აუდიტორიას ფოტომასალისა და სხვა თვალსაჩინოების საშუალებით კანის ავთვისებიანი სიმსივნეების - ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის და მელანომის ადრეულ ნიშნები გააცნო.
მეორე ლექცია თემაზე - „როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე გამოსხივებისგან“ - კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია დათუაშვილმა წარმოადგინა. მან განსაკუთრებული ყურადღება მზისგან კანის დაცვის საშუალებებზე, ბავშვის კანის მოვლის თავისებურებებსა და სოლარიუმის უარყოფით თვისებებზე გაამახვილა.
ლექციების დასრულების შემდეგ, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში მსურველებს ე.წ. დერმატოსკოპიის საშუალებით კანის საეჭვო წარმონაქმნებზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებშივე, 9 ივნისს, კსუ-ს აფილირებულ კლინიკაში - თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში მოსახლეობის უფასო გასინჯვები ჩატარდა, სადაც კსუ-ს მედიცინის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებსაც დერმატოლოგიისა და ონკოლოგიის კურსი აქვთ გავლილი, პაციენტების გასინჯვის შესაძლებლობა მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ “ევრომელანომის” კამპანია საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება. წელს, გარდა უშუალოდ კლინიკებში სკრინინგისა, საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციები კსუ-სთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება