კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკისა და ინტერესის სფეროს მიხედვით, სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობის შანსს აძლევს. მიმდინარე თამაში თემატიკით - ,,ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ - მარგარეტ ტეტჩერის, ელისაბედ მეორისა და ინდირა განდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინტელექტუალური ხასიათის შეკითხვებს აერთიანებდა და მასში მონაწილეობის სურვილი თბილისის, მცხეთის, გარდაბნის, რუსთავის, ზესტაფონისა და საგარეჯოს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა 54-მა გუნდმა გამოთქვა.
პირველი ეტაპის თამაშები 27-28 იანვარს გაიმართა, სადაც ფინალში გასული 8 საუკეთესო გუნდის ვინაობა გაირკვა.
ინტელექტუალური თამაშის პრინციპი 10+5 შეკითხვას მოიაზრებს, რომლებიც თითოეულ თამაშს ორ ნაწილად ყოფს: პირველ ეტაპზე დასმულ 10 შეკითხვას მთელი გუნდი პასუხობს, ხოლო მეორე ნაწილში კაპიტნის გადაწყვეტილებით დარჩენილი ერთი მოთამაშე - 5 შეკითხვას სცემს პასუხს.
კონკურსის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ კსუ-ს პროფესორები - თამარ კიკნაძე, პეტრე მამრაძე და ლევან ნიკოლეიშვილი. სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით, ინტელექტუალურ თამაშს კონკურსთან ერთად, საგანმანათლებლო ხასიათიც მიეცა. კომისიის წევრებმა, თითოეული სწორი პასუხი მოსწავლეებისთვის დეტალურად გაშალეს და გაარჩიეს.
დაძაბულ ინტელექტუალურ ბრძოლაში, ფინალში გასული რვა გუნდიდან, 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდა: პირველი ადგილი ქ. ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი ქ. თბილისის მე-18, ხოლო მესამე ადგილი ქ. გარდაბნის პირველმა საჯარო სკოლამ დაიმსახურა. პროექტის გამარჯვებული გუნდის ოთხივე მონაწილეს, ჟურნალ ,,თაიმის“ წიგნების სერია, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდის მოსწავლეებს კი - წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ფინალური თამაშის ყველა მონაწილეს საჩუქრად უნივერსიტეტის აქსესუარები გადაეცა.
ინტელექტუალური თამაშის ავტორისა და ხელმძღვანელის - კსუ-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის - მარინე უგულავას თქმით, კონკურსის შეკითხვების პაკეტის უზრუნველყოფაზე, უნივერსიტეტის ლექტორებთან ერთად, კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა იმუშავეს.
უახლოესი ღონისძიება, რომელიც აღნიშნული დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება უკვე ჩანიშნულია - 9 თებერვალს, უნივერსიტეტი მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციას - ,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“ - უმასპინძლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება