მცხეთის კულტურის სახლში, ,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა, სადაც იმ რთულ ვითარებაზე იმსჯელეს, რაც ამ მხრივ, საქართველოში არსებობს. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დემოგრაფიულ ფორუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად ჩაერთო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ტრადიციულად მხარს უჭერს და თანამშრომლობს დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან და სრულად აცნობიერებს და იზიარებს იმ დიდ პრობლემას, რაც საქართველოში, ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას უკავშირდება. უნივერსიტეტის მხარდაჭერითა მომზადდა კლიპი - ,,სიცოცხლე გრძელდება“, რომელიც სპეციალურად პირველი დემოგრაფიული ფორუმისთვის შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, კრიზისული პერიოდი საქართველოს 2050 წლისთვის ემუქრება. 232 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე – 16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, თამარ ჩიბურდანიძის თქმით, წლევანდელი 6 თვის მონაცემებით, საქართველოში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პირველად სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა. ასე გაგრძელდება მომავალი 30 წელი, ანუ ერთი დემოგრაფიული თაობა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოსთან ერთად კერძო ორგანიზაციები და თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს. ნებისმიერი ინიციატივა, პროექტი და ნაბიჯი, რომელიც პრობლემის მოგვრებისთვის გადაიდგმება უნდა წახალისდეს.
დემოგრაფიული ფორუმი ათი დღის მანძლზე, 19 დეკემბრამდე გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის თემატურ ღონისძიებებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება