ცხოვრების პირველი ოცი წელი - გაზაფხულია, 20-დან 40 წლამდე ზაფხული, 40-დან 60-მდე შემოდგომა, ხოლო 60-დან 80-მდე ზამთარი - პითაგორას ამ ცნობილი გამონათქვამით დაიწყო „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - უჩა ვახანიამ კსუ-ს სტუდენტებთან გამართული საჯარო ლექცია.
შეხვედრა პროექტ - დაბერება და თაობათაშორისი სოლიდარობა - ხანდაზმულთათვის ხელსაყრელი პოლიტიკის ადვოკატირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ჩატარდა და მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საყოველთაო აღწერის 2016 წლის მონაცემების გაცნობა. ამ სტატისტიკის მიხედვით, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელზე და იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ეს ადამიანები დგანან: სიბერის არასწორად აღქმა, ხანდაზმულთა ხელშემწყობი გარემოს არარსებობა, სიღარიბე და ა.შ.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ საგანგაშო რეალობაზეც, რომლის წინაშეც საქართველო დგას, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, დემოგრაფიული კრიზისი საქართველოს 2050 წლისთვის ემუქრება, მიმდინარე წლის სტატისტიკური კვლევებით კი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობის რიცხვს უკვე გადააჭარბა.
მომხსენებელმა მარგარეტ მიდის ფრაზა მოიშველია და აღნიშნა, რომ საზოგადოების განვითარების დონე მართლაც რომ შეიძლება შეფასდეს იმით, თუ როგორ ექცევა ის თავის სუსტ და დაუცველ წევრებს.
საჯარო ლექციის ბოლოს, უჩა ვახანიამ სარეკომენდაციო ნაწილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი სტრუქტურები - სახელმწიფო, მუნიციპალიტეტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეკლესია, რელიგიური ორგანიზაციები, ოჯახი და თემი - ერთ ენაზე, გასაგებად და ორგანიზებულად საუბრობდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება