კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა და სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის შეფასების წესში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.
მისი განმარტებით, სასწავლო კომპონენტი თითოეულ სადოქტორო პროგრამაში 60 კრედიტს შეადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები ცალ-ცალკე აღარ შეფასდება, მათი მოცულობა კრედიტებით აღარ განისაზღვრება და სადისერტაციო კოლეგიის წინაშე სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასებით დაცვის შემთხვევაში, დოქტორანტს ჯამური 120 კრედიტი ერთჯერადად მიენიჭება. ეს კი საფუძველი იქნება დოქტორანტისთვის პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა.
რექტორის მოადგილემ თითოეული სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, თავისებურებებზე, პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალურად დოქტორანტებისთვის მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია გააკეთა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი სადოქტორო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო თუ კვლევითი კომპონენტების არსი, მიზანი, შედეგი, მათი შეფასების, შესრულებისა და გაფორმების წესი.
მარინა გედევანიშვილმა საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ დოქტორანტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით, პასუხი გასცა შეკითხვებს და სწავლისა და კვლევის პროცესში თითოეულს წარმატებები უსურვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება