სიწმინდეს აეროპორტში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები, მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი დახვდა. ადგილზე აღვლენილი პარაკლისის შემდეგ, წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანეს.
24 სექტემბერს სიწმინდეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მართლმადიდებელ მრევლს მისი მოლოცვის საშუალება მიეცემა.
25 სექტემბერს ლუსკუმა ჯერ კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში წაბრძანდება, შემდეგ კი, ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიას მოივლის.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საორგანიზაციო საკითხებში საპატრიარქოსთან, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დარპან პრაშერი.
გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძარის ნანგრევებში ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილებს არქეოლოგები 2000 წლიდან ეძებდნენ. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დაგრასის მონასტერში სიწმინდეს მიაკვლიეს. არქეოლოგიურ გათხრებში, ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე და არქეოლოგი ნიზამუდინ თაჰერი.
სწორედ მის მიერ წმ. ავგუსტინეს კომპლექსის ნანგრევებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით დადგინდა, რომ გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ქართველ დედოფალს - ქეთევან წამებულს ეკუთვნოდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არქეოლოგიურ კვლევაში შეტანილი ამ წვლილისათვის 10 ოქტომბერს ნიზამუდინ თაჰერს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს.
კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.
დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. ისტორიული წყაროების თანახმად, პორტუგალიელმა მისიონერებმა დედოფლის ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან წამებულის სხეული საქართველოში ჩამოაბრძანეს. ნეშტი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა. ოსმალებისა და ლეკების შემოსევების შემდეგ კი დაიკარგა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება