ქართული მეღვინეობისა და კულტურის ორდღიანი სასერთიფიკატო კურსი კსუ-ში
„ქართული მეღვინეობისა და კულტურის“ სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. სასწავლო ჯგუფი მე-11, მე-10 და მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. მისასალმებელ სიტყვაში კსუ-ს რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ და უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების შესახებ ისაუბრეს. ორდღიანი სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის კანცლერმა განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე გაამახვილა. ისაუბრა: ქვევრის ღვინოზე, ორდონიან მარანზე, სადაც ღვინო თვითდინებით გადაედინება, კვირიდან კვირამდე ღვინის სინჯები ლაბორატორიებში იგზავნება, სადაც მეცნიერულ დაკვირვებას გადის.
პროგრამის ფარგლებში, პირველი მოხსენება მირანდა აბრამიშვილმა წაიკითხა, თემაზე: ,,კულტურა და გლობალიზაცია“.
ტრენინგი ინტერაქტიულად წარიმართა, ჯგუფებში გადანაწილებულმა მოსწავლეებმა გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მოსწავლეებს ლექცია ქართული კულტურის ძეგლების შესახებაც წაუკითხეს. თემა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან შოშიაშვილმა მიმოიხილა. პრეზენტაციაში უნიკალური ფრესკები და ისტორიული ძეგლები ეპოქების მიხედვით იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებთან შეხვედრისას, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა კახაბერ ჯაყელმა საქართველოში ეკონომიკის განვითარებისათვის ვაზის კულტურისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოსწავლეებს კსუ-ს ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ენდემური ჯიშის ვაზები გააცნო. დეკანმა მოსწავლეებს უნიკალური ტიკი და რუმბი უჩვენა. სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში, სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმი ,,საღვინე სახლი“ ნახეს.
საქართველო 2013 წლის მარტიდან მსოფლიოში ღვინის ტურიზმის ერთ-ერთ საუკეთესო დესტინაციად მიიჩნევა. კვლევის თანახმად, საქართველო რეიტინგით VI პოზიციაზეა. აღნიშნულ მონაცემებსა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციაზე ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ ისაუბრა.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ და ქარელის ტურისტული მარშრუტის პროგრამა შეიმუშავეს. კსუ-ს საზაფხულო სკოლის ფარგლებში, პროექტის მოხალისეებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო სხდომის დარბაზი, ფიზიოლოგიური ლაბორატორია, საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, ტელე და რადოსტუდიები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, დაათვალიერებინეს. სასერთიფიკატო კურსის დასასრულს, თბილისის ტური მოეწყო – მოსწავლეებმა დედაქალაქის ისტორიული უბნები დაათვალიერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება